Sunday, March 16, 2014

ბავშვობა


უაზროდ მიყრილ-მოყრილი სათამაშოები: თოჯინები – უფეხო,უხელო,უთავო…ზოგიც ახალივით ხელუხლებელი და გამოპრანჭული… ფერები… მატარებლები, მანქანები, საათები, მძივები, თმისაბნევები… ფერები…. ყველაფერი და ყველა ფერი ერთად… არეული…
ბავშვობა…
ერთხელ ვთქვი – მაცადეთ ბავშვობას ვიხსენებ-მეთქი დაპასუხად მივიღე ბავშვი ბავშვობას როგორ იხსენებო… და მე სულაც არ ვთვლი, რომ ბავშვი არ ვარ (პირიქით სამწუხაროდ აღარ ხარო მეუბნებიან). საოცრად შემაშინებლად ჟღერს რიცხვი თექვსმეტი იმიტომ, რომ მერე ჩვიდმეტი, თვრამეტი და დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება აუცილებლად…

ადრე როგორი იყო?!
გუაშებში ხელების ტყაპუნი და სახის მოთხუპნა, ფერადი სიზმრები, ფუნჯებით ყველაფრის გაფერადება და გულუბრყვილო ბავშვური კისკისი…
დიდი სათვალეები, დიდი ტანსაცმელი, დიდი ფეხსაცმელი… ამ ყველაფერ “დიდურში” გამოწყობა და მშობლების მოსვლამდე სარკის წინ ტრიალი, “სილამაზით” ტკბობა…
ბამბის ნაყინები – არასოდეს მიყვარდა მაგრამ მაინც ყოველთვის მყიდულობდნენ.
გასაფერადებლები, რომლებსაც დედაჩემი ჩემზე ადრე აფერადებდა ხოლმე…
კოტრიალი სოფელში მწვანე მინდორზე და რაღაც მინდვრის ყვავილების წუწნა… ტყეში გაპარვა, დამალვა, მერე მშობლების ძებნა და ერთი-ორი შემოლაწუნება დაუკითხავად წასვლისთვის.

მერე ისევ ბავშვები… დიდი მეგობრები… ცოტათი გავიზარდე…
მერე პირველად დამცინეს, გავიხედე და ბიჭს ლოყები აუწითლდა… პატარა და საყვარელი (მეც პატარა ვიყავი ძალიან). მერე ყოველ ზაფხულს ესე უწითლდებოდა ხოლმე ლოყები. მერე გაიზარდა და აღარ წითლდებოდა… მაინც დასცინოდნენ მასაც და მეც… პატარები…
კიდევ კურდღელი… ყველას ყავდა ეგეთი და მეც მომატყუეს გაიქცაო…
მერე?!.. ჰოო სკოლა…. გამომშვიდობება სათამაშოებთან, თოჯინებთან. ნელ-ნელა მათი ადგილები წიგნებმა დაიკავეს. ბეევრი წიგნები და კიდევ ბევრი სხვა…
მერე რა რომ პატარა აღარ ვარ ისევ ისე ძალიან მიყვარს ფერადი ბუშტები, ისევ ისე ძალიან მიხარია იმ უკვე გაუწითლებელი ბიჭის დანახვა, ისევ ისე მიყვარს ჩემი თოჯინები და ლოგინის გვერდზე წიგნებთან ერთად ჩემი სათამაშოები აწყვია. მაინც მოვითხუპნები ხოლმე გუაშებით, მერე რა რომ ხატვა არ ვიცი, მერე რა რომ არ გამომდის…

ის მოგონებები მიყვარს წარსულში რომ დარჩა და ბავშვობა რომ ჰქვია… 

No comments:

Post a Comment