Thursday, March 13, 2014

<3


  • - რა გატირებს?
    – რაღაც გამახსენდა.
    – მაინც?
    – აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც ზუსტად აქ ჩამოიარეს.
    – მერე რა გატირებს?
    – ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.
    – ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
    – რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.
    – გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
    – არ მინდა.
    – რატომ?
    – შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან.
    – მერე შენ ამის არ გეშინია?!
    – შენ არ გეშინია?!
    – რისი უნდა მეშინოდეს?!
    – დასასრულის.
    – დასასრული არ არსებობს.
    – როგორ თუ არ არსებობს?!
    – ისე, რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას.
    – მაშ, რატომ წერ ნაღვლიანად, როცა შენი მოთხრობის გმირები კვდებიან?
    – რა ვიცი, მაინც მეცოდებიან.
    – თუ გეცოდებიან მაშინ რატომღა კლავ?
    – კვდებიან და რა ვქნა. წესით არ უნდა ვნაღვლობდე.
    – რატომ?
    – იმიტომ, რომ ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი, მაგრამ ხომ გითხარი დასასრული არ არსებობს მეთქი.
    _ მაშ რატომ ტირიან ადამიანები?
    – ეშინიათ და იმიტომ.
    – რისი ეშინიათ?
    – დასაწყისის. ცისაც არ ეშინია, ის არც ტირის.
    – მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?
    – თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია.
    _ იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!
    – მაშ, რატომ?
    – შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით.
    – ეგ რამ გაფიქრებინა?
    – ეკლესიებმა. ხედავ როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვიდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს
    – ვტირით.
    – მაგრამ რატომ არ განმეორდა?
    – რა?
    – შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?
    – შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს.
    – და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?
    _ არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი.
    – იმიტომ რომ თავისუფლება უნდა.
    – მერე აღარ იტირებს?
    – არა. თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია.
    – დაწერე რა.
    – რა?
    – მოთხრობა დაწერე ჩემზე.
    – შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?
    – არა. იცი როგორ დაწერე?
    – როგორ?
    – ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს.
    – მერე?
    – ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდე, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა.
    – მერე?
    – ერთ დღეს ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?
    -დავწერ!

No comments:

Post a Comment