ყოველდღიურობა!!!
არის შენში, რაღაც მცირე… ენერგიის ნაპერწკალი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს ენერგიით აგავსოს და შენი ცხოვრება შეცვალოს. უკვე საუკუნეზე მეტია უცდი მის ამოფრქვევას, მის ვარსკვლავურ წამს, მაგრამ წყნარადაა და უმოქმედოდ. ხანდახან ადამიანებზე გაბრაზდები, გაგამწარებენ და გგონია, რომ ეს გამწარება მოგცემს საკმარის ძალას შეცვალო ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ორი ან სამი საათით. მალე ყველაფერი თავის თავს უბრუნდება. შენ ისევ ვიღაც ხდები, ვიღაც ვინც ასე ძალიან გეზიზღება… აანალიზებ, რომ ზიზღი გამოსავალი არ არის და ამიტომაც არ გაძლიერებს ის. გეამაყება კიდეც… ფიქრობ, რომ გამოსავალი სიყვარულშია, ესაა ერთადერთი უწმინდესი და უძლიერესი მაგიური ხსნა. უცდი მას და დეპრესიაც მეტად იმატებს. უცდი და მთელი ეს პერიოდი ისევ ძველებურად ცხოვრებას აგრძელებ, არაფერს ცვლი. ადრე თუ გვიან სიყვარულიც გამოჩნდება, თუმცა როგორც არის და როგორც უნდა იყოს, ბედნიერება წითელ ხალიჩაზე არ მოსეირნობს შენსკენ. დარწმუნებული არ ხარ ეს ნამდვილად სიყვარულია თუ არა. ანდა უფროსწორად საკუთარი თავის რწმენა იმდენად გაქვს დაკარგული, რომ ვერ ბედავ სიყვარული დაარქვა გრძნობას, რომელზეც პირველივე შემხვედრი მგრძნობიარე ადამიანი სიხარულის, აღტაცების ცრემლებს ჩამოყრის. დიახ ეს ნამდვილად სიყვარულია, მაგრამ შენ ხარ კიდევ ადამიანი? შენ შეგიძლია კიდევ შიყვარო? შედიხარ ინტერნეტში ათვალიერებ უამრავ სურათს სადაც ადამიანები ვერ უბედავენ ერთმანეთს გამოუტყდნენ თუ როგორ უყვართ. ანდა მთლად უკეთესი, უბედავენ და ბედნიერებიც არიან, მაგრამ თვითონ კი იცი, რომ არასდროს გეყოფა გამბედაობა გამოუტყდე მას, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარ თავს.
ყველაფერი ზემოთ თქმული კარგად გესმის, შენზე კარგად ვინ შეიძლება იცნობდეს შენს ცხოვრებას. გესმის, მაგრამ მთელი ეს საშინელება და უბედურება რეალობის ზუსტად აღქმას რომ მოსდევს, გაკარგვინებს ყოველგვარ ძალას, შნოს ებრძოლო საკუთარ ნაკლოვანებებს გახდე უკეთესი. იცი, რომ ოდესმე აუცილებლად, აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ამ დაკარგული დღეების გამო პასუხისმგებლობა დაგაწვება ზურგზე. პასუხისმგებლობა, რომელიც მათთვისაც კი მძიმეა, ვისაც არ დაუკარგავს ეს დღეები და შენთვის ხომ მითუმეტეს. ერთ დღესაც იმდენად შეგძულდება საკუთარი თავი, რომ მასზე აღარ იფიქრებ, მას აღარ დაადანაშაულებ. არამედ იტყვი: „საშინელებაა ეს ცხოვრება, მეზიზღება ცხოვრება“. ერთ ბედნიერ დღეს ჩემნაირი ადამიანი შეგხვდება, რომელიც შენს უკანასკნელ ფრაზას მოისმენს, შენს ისტორიას მთლიანად ამოიცნობს და გეტყვის: „ მე ოპტიმისტი არ ვარ, მაგრამ შენს ადგილას იმ სამოცი დღის გულისთვის ვიცხოვრებდი, რომელიც არ გეზიზღება. ვიცხოვრებდი იქამდე ვიდრე მთლიანად არ გაქრებოდა ეს დღეები. ეს შენს ადგილას და რაც შეეხება ჩემს შემთხვევაში, მე იმ სამასი დღის გამო ვიცხოვრებდი, რომელიც გამოსასწორებელი მექნებოდა“
No comments:
Post a Comment